გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს სხვა მიზანი არ აქვს.
„გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი, ეს ღიად გვითხრა. მას არ აქვს სხვა მიზანი გარდა იმისა, მოხვდეს ამ სკამზე და შეიწყალოს სააკაშვილი, ან სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ საპატიმროებში არიან ან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში, ან რომელთა ექსტრადიცია მოთხოვნილია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ერთ მხარესაა წარსული, მეორე მხარეს მომავლის პერსპექტივა.
„რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი, ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც სხვა მიზნისთვის იბრძვის, რომ დასავლეთში გაზრდილმა ქართველმა თავისი წარსული და გამოცდილება მოახმაროს ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ უნდა გვყავდეს უკეთესი და უკეთესი პრეზიდენტი. როცა „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბნელი ძალა კი არ უნდა მოვიდეს, არამედ ჩვენზე უკეთესი. ის ადამიანები, ვინც უნივერსიტეტებში სხედან. მე პირადად ვარ ძალიან მშვიდად. ვიცი, რომ 800 ათასი ამომრჩეველი არის ერთ მხარეს, აქეთ მხარეს კი, ვართ გაცილებით მეტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.