„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დამალავს იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასეულობით ფაქტს, რომელზეც არამარტო საქართველოს სასამართლოებს აქვთ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, არამედ ეს ყველაფერი იკითხება სტრასბურგის ადამიანური უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან გაცილებით მეტი და „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ევროპას და არა ისე, როგორც ეკადრება რუსეთს და იმ პიარჯგუფს, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დასდევს.
„ქართველ ხალხს და ამომრჩეველს აღარ სჭირდება გამოცვლილი საბურავები, აღარ სჭირდება მთავრობა, რომელმაც ლამის კატასტროფამდე და კოლაფსამდე მიაღწევინა ჩვენს საზოგადოებას. მინდა გითხრათ აბსოლუტურად დარწმუნებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან გაცილებით მეტი და „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ევროპას და არა ისე, როგორც ეკადრება რუსეთს და იმ პიარჯგუფს, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დასდევს. ესენი არიან რუსეთიდან, კრემლიდან წამოსული ჯგუფები და ეწევიან მის პიარკამპანიას. აღარ გაგივათ მოდელირებული „ქრონიკა“ და მოდელირებული „კალანდობა“. საქართველომ დაასრულა ეს 2012 წელს და ეს ნაბიჯი არის თქვენი ბოლო მცდელობა, რომ მოატყუოთ საზოგადოება. ქართველი ხალხი აღარასდროს მოტყუვდება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.