წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა, რომელმაც ისე გადაწყვიტა ვინ შეერჩია კანდიდატად, რომ არც კი გკითხათ, რომელმაც ისე გადაწყვიტა მოეხსნა პრემიერ-მინისტრები, რომ არც კი გკითხათ და რომელიც ხვალ და ზეგ ადგება და ისე მოგისვრით აქედან უმრავლესობას, რომ არც კი გკითხავთ. ამას უთხრა ქართველმა ხალხმა უარი. მართალია, მეორე ტური წინაა, მაგრამ ეს გზავნილი უკვე უნდა მიღოთ, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ჩამოყალიბდა ისეთ ავტორიტარულ ძალად, როგორიც არ მოსწონდათ წინა 9 წლის განმავლობაში
„ალბათ, უნდა მოგილოცოთ ეს დამარცხება, იმიტომ, რომ დამარცხებაში ხშირად დამარცხებული პოლიტიკური ძალა ნორმალურ საზოგადოებაში ძალას პოულობს რომ მიზეზები იპოვოს თუ რატომ დამარცხდა. მესმის, რომ თქვენ გგონიათ არ დამარცხებულხართ, მაგრამ რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ დაახლოებით 48 -49%-მა ამომრჩევლის უარი გითხრათ. 780 ათასი ადამიანი ერთად არის „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ამიტომ თქვენ პირველ ტურში რეალურად დამარცხდით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმის ძალა გეყოფათ საქართველოს მომავლისთვის, რომ გააცნობიეროთ მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა.
რასაც გისმენთ წარმოდგენა არ გაქვთ რა იყო მიზეზი. თქვენ გგონიათ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ არ იყავით საკმარისად აგრესიული, საკმარისად არ იძახეთ 9 წელი, საკმარისად არ გააკეთეთ აპელირება სისხლიან გუბეებზე და გაუპატიურებულ ქართველ ვაჟკაცებზე. ამას ვისმენთ დღესაც, გუშინაც და ამ დღეებშიც.
ამ დროს ვერ ხვდებით, რომ წააგეთ იმის გამო, რომ ლარის კურსი არის 2.70 დოლართან მიმართებაში, ადამიანები გაღარიბდნენ და ხალხი ტრანსპორტის ფულს ვეღარ შოულობს, მედიკამენტები გაძვირდა და ეკონომიკა მიექანება უფსკრულისკენ. ვერც ერთი პრობლემა რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა თქვენ ვერ გადაჭერით“, - განაცხადა კაპანაძემ.