"ქართული ოცნება" არ დაუშვებს რუსული მენტალიტეტის "მატრიოშკას" გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით სააკაშვილი ზის, იმის შიგნით მერაბიშვილი და კიდევ შიგნით სხვადასხვა კალიბრის დამნაშავეები სხედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქვეყანას ხიფათი უახლოვდება და სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც რუსული პასპორტი გულში აქვს დამარხული, მათ მხარდაჭერილ კანდიდატს ფეხდაფეხ მიჰყვება, ყველა წყენა უნდა გადაიდოს.
ქანთარიამ მმართველი გუნდის ამომრჩეველს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა.
"მინდა, მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს - განსაკუთრენით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2012 წლის გამარჯვებაში, იმ თანამებრძოლებს, ვინც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებში არ მოვიდნენ და განზე დადგენენ. მესმის, მათი გარკვეული მიზეზები. ზოგს ალბათ ეგონა, რომ პირველივე ტურში მოხდება სრული გამარჯვება, მაგრამ უმთავრესი მიზეზი უსამართლობის შეგრძნება, წყენის დაგროვება და გულის გატეხვა იყო. ამაში ჩვენს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.