მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეგუონ ბედს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
ის უმრავლესობას მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან ვითარების დაძაბვას, შეწყვიტონ პროვოკაციები და მოწოდებები იმის შესახებ, თითქოსდა სამოქალაქო ომი იქნება. მისივე თქმით, ეს არის დანაშაულებრივი განცხადება და „ქართული ოცნება“ დღესვე უნდა გაემიჯნოს მსგავს ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს
მისი თქმით, ოპოზიციას სტაბილურობა სურს.
„არ წამოვეგებით პროვოკაციას, როგორიც მოხდა გუშინ ახალქალაქში. არ მივცემთ ხელისუფლებას უფლებას, მსგავსი განცხადებებით შექმნან ილუზია, თითქოს ვიღაცას არ უნდა სტაბილურობა. სტაბილურობა გვინდა ჩვენ, ვინაიდან სტაბილური გარემოთი მოვიგეთ ეს არჩევნები“, – განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ვინ აძლევს ხალხს სტაბილურობის გარანტიას - გრიგოლ ვაშაძე თუ მიხეილ სააკაშვილი, გოცირიძე პასუხობს, რომ სტაბილურობის და კონსტიტუციის დაცვის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს.
„ხელისუფლებაა ვალდებული, რომ თავად არ გამოიწვიოს პროვოკაცია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. უნდა მიხვდნენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებები იცვლებიან და არაფერია მუდმივი. შეეგუონ, იმას, რომ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და დემოკრატიული პროცესით ხელისუფლების ცვლილება, რაც საქრთველოში ერთხელ უკვე მოხდა და ნურავის აშინებენ სამოქალაქო ომით. ბევრჯერ დაუშვა პოლიტიკურმა კლასმა საქართველოში შეცდომა და საქართველომ არასოდეს უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო ომი და სიტყვებს ნუ ეთამაშებიან,“ – დასძინა რომან გოცირიძემ.