ამჟამად უკრაინის პორტებში თითქმის 1 მლნ. ტონა ხორბალია ბლოკირებული. ამის შესახებ ინფორმაციას მარცვლეულით ვაჭრობის საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაცია მუდმივად აკვირდება უკრაინის პორტებში არსებულ ვითარებას, სადაც საბაჟო სამსახურმა უპრეცენდენტოდ შეზღუდა ტრეიდერების შესაძლებლობა მარცვლეულის ექსპორტირებასთან დაკავშირებით. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საბაჭო სამსახურს აღნიშნულის საფუძველი არ გააჩნია. ასოციაციის ინფორმაციით, 10 დღეზე მეტია, რაც მათ მიმართეს ვითარების გამოსწორებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარების გამოსწორება დღემდე ვერ ხერხდება. მათი განცხადებით, თვეზე მეტია ექსპორტიორები ცდილობენ საქონლის გაგზავნას, ხოლო იმპორტიორები მათ მიწოდებას. უკრაინის საბაჭო სამსახურის მიერ ხელოვნულად შექმნილმა ბარიერმა ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს დიდი ზარალი მიაყენა.
"და მეტიც: ახდენს უკრაინის როგორც საიმედო სავაჭრო პარტნიორის რეპუტაციის დისკრედიტაციას", - აცხადებენ ისინი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაოფიციალური უარი მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ნეგატიურ ასახვას პოვებს უკრაინასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპაარკებებზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ხორბლის ევროპულმა ბირჟებმა ყურადღება მიაქციეს რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსული ხორბლის ექსპორტის შეჩერების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 2011 წლის მოსავლის ბედი რუსეთში, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მსოფლიო ბალანსს, - მიიჩნევენ ევროპელი ექსპერტები. ამის პარალელურად, ევროპის რბილი ხორბლის გაყიდვის მაჩვენებელმა უკვე 3,34 მილიონ ტონას მიაღწია, გასულ სეზონში კი აღნიშნულმა 2,86 მილიონი ტონა შეადგინა. მსოფლიო ფასებმა გასულ თვეს მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, თუმცა ხორბალზე ამ მაჩვენებელმა პიკს აგვისტოს დასაწყისში მიაღწია, შემდგომი პერიოდისთვის კი გარკვეული კლების ტენდენციები შეიმჩნევა.
ჯერაც უცნობია რუსეთში გვალვისგან გამოწვეული დანაკარგები, ასევე შავიზღვისპირეთის რეგიონის ექსპორტიორი ქვეყნების ზუსტი მოსავლიანობა, მით უფრო რომ შეიმჩნევა ფიუჩერსების სპეკულანტური შესყიდვის ტენდენცია. დსთ-ის ქვეყნებსა და ევროკავშირში მარცვლეულის მოსავლის არასახარბიელო პერსპექტივის გამო 2010-2011 წლების პროგნოზი 2,4 პროცენტით შემცირდა. მსოფლიოს მარცვლეულის მარაგების პროგნოზი კი 360 მილიონ ტონამდეა შემცირებული. ასევე შემცირებულია სავაჭრო პერსპექტივებიც და დღევანდელი პროგნოზის მიხედვით, 2010-2011 წლის სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 232 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 7 მილიონი ტონით ნაკლებია 2009-2010 წლების მაჩვენებელზე.
მარცვლეულ კულტურებს შორის ყევლაზე ცუდი მდგომარეობაა ხორბალთან დაკავშირებით, რაც შეეხება სიმინდს, აშშ-სა და აფრიკის ქვეყნებში კარგი მოსავლიანობის გამო 2010-2011 წლებში მისი წარმოება 829 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც 20 მილიონი ტონით მეტია საპროგნოზო მაჩვენებლებზე.
ზრდის ტემპები შეიმჩნევა ბრინჯის წარმოების კუთხით. 2010-2011 წლებში მისი წარმოება 3 პროცენტით გაიზრდება და 456 მილიონ ტონას მიაღწევს. ბრინჯის მსოფლიო მარაგები კი 6 მილიონი ტონით გაიზრდება და 97 მილიონ ტონას მიაღწევს. ბრინჯის კულტურაში 2011 კალენდარული წლისთვის ვაჭრობის დონედ 30,8 მილიონი ტონაა განსაზღვრული, რაც 2 პროცენტით მეტი იქნება 2010 წლის მაჩვენებელთან.