რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, თუ ყველა მოვა არჩევნებზე, ვერანაირი მანიპულაცია ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა და ჩვენ მშვიდობიანად მივიღებთ შედეგს რომელსაც გადაწყვეტს საზოგადოება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან გამართულ ბრიფინგზე დარღვევებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება დარღვევებს, უბნების შიგნით მასიურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაისურებით დადიან, რაც დარღვევაა. რაც ყველაზე სასაცილოა, ამას აკეთებენ არასამთავრობოს ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია „ობსერვატორია“, რომელიც ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხალხია. ეს მეტყველებს მათ შიშსა და სისუსტეზე. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მსგავსი აგიტაცია. ასევე, მთელ რიგ უბნებზე წილისყრის გარეშე მოხდა ფუნქციების განაწილება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.