გაყალბებისთვის ოპოზიციამ პრევენციული ნაბიჯები შეიმუშავა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ხმა ვაკის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
ვაშაძემ მოქალაქეებს აქტიურობისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი წარმომადგენლები უბანზე სრულიად ახალ ტექნოლოგიურ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც აბსოლუტურად ყველა დარღვევას აფიქსირებს. არსებობს ალგორითმი, რომლითაც სარისკო უბნებს ვავლენთ, უკვე თორმეტი-პირველი საათისთვის, ასე რომ თავიდან ბოლომდე მომზადებულები ვართ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბიგვავა პროდაქშენის ეგზიტპოლი, რაც გუშინ უცებ სიურპრიზად გავიგეთ, რომ თურმე “ქართული ოცნება“ თვითონ ატარებს ეს იქნება ჩვეულებრივი, რაღაც ფურცელი, იმიტომ რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ნუ არღვევთ კანონს. არჩევნების კანონმდებლობას არღვევს "ქართული ონცნება" უკვე ბოლო პერიოდია იმ კვლევებით და იმ, ასე ვთქვათ ეგზიტპოლით, რომელსაც, როგორც გუშინ გამოგვიცხადეს ატარებენ. არანაირი ამას საფუძველი არა აქვს და მინდა მივმართო, რომ ხელი აიღეთ გაყალბებისგან, მაინც არ გაგაყალბებინებთ დავიცავთ ყველა ხმას",- განაცხადა, გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.