შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, თითოეული პოლიციელი მზადაა, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში
„მე პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, სიმბოლურია ალბათ, ჩვენ ხომ წელს აღვნიშნავთ 100 წლის თავს - პირველი რესპუბლიკის, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი და პირველი დამოუკიდებლობის გამოცდილებას. და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ამ უდიდეს წარმატებულ გამოცდილებასთან. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ჩვენი ლიდერები მაშინაც ამბობდნენ და იდეალად ასახელებდნენ სწორედ 18-21 წლების რესპუბლიკას და რა თქმა უნდა, ეს ისტორიული კავშირი დღეს, რომ აღსდგება და გაგვიხსნის გზას ევროპული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და სიმბოლურად ჩემი არჩევანიც ამასთან არის დაკავშირებული. ესე იგი კიდევ ერთხელ, ამით დავიწყე და ამით დავასრულებ, პოლიცია ყველა ძალებით - ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.