ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძია, თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ.
მისი თქმით, როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანასა და ქართველ ხალხს, ყველასთვის ყველაფერი ნათელია.
"მინდა ასევე, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება.
ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.
როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია.
ჩვენ არავის, და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე.
მეორე საკითხი, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ავღანეთში, ჩვენს სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ სააკაშვილმა ყველაზე მდარე ფორმით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განაცხადა, რომ თითქოს, აღნიშნულ ბაზაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთები ავღანეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს გაიხსნება. ამასთან, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების უხეში დარღვევაა.
იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს, თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს", - განაცხადა კალაძემ.