ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის პროკურორი, მირიან მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში მრავალი მტკიცებულება აქვს.
"დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარვდექით. ბრალდებულს აქვს უფლება, დანაშაული არ აღიაროს, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუიდო-ვიდეო ჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები.
არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების ყველა კომპონენტს ადასტურებს, როგორც მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებას, ასევე თანხის გადაცემის ფაქტს. ყველა მოწმე, რომელიც საქმეზეა წარმოდგენილი, არსებითი განხილვისას ისაუბრებენ", - აცხადებს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.