პაატა დავითაია ხელისუფლებას სთხოვს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აფხაზეთის თვითმარქცია უნივერსიტეტის რექტორის ქმედებებზე. ამის შესახებ განცხადება დავითაიმ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, ე.წ. აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი გახდა ევროპის რექტორთა კლუბის წევრი.
"ეს მოხდა კანონდარღვევით. ამ კლუბის საიტზე მითითებულია, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოში აკრედიტებული უნივერსიტეტი და წარმოადგენდეს სახელმწიფო სუბიექტს. "ე.წ. აფხაზეთის უნივერსიტეტს კი არც აკრედიტაცია აქვს გავლილი და არც სახელმწიფო სუბიექტია. აფხაზეთის უნივერსიტეტი მოქმედებს თბილისში და სხვა უნივერსიტეტის ფუნქციონირება ხდება კანონდარღვევით. რომელ ევროპულ ფასეულობებზეა საუბარი როდესაც ამ უნივერსიტეტში მომხდარი ეთნოწმენდის გამო არც ერთი ქართველი სტუდენტი არ სწავლობს მხოლოდ ეთნიკური ნიშნის გამო და თავად კანონიერი უნივერსიტეტი იმყოფება დევნილობაში" - აცხადებს პაატა დავითაია და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ევროპის რექტორთა კლუბს სათანადო წერილებით, როგორც ეს მოხდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აფხაზეთის კანონდარღვევით გაწევრიანების დროს.
დავითაია იმედოვნებს, რომ ასეთ შემთხვევაში აღდგება სამართლიანობა და უკანონოდ მიღებულ წევრს გარიცხავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავითაიას ამ მოთხოვნას იზიარებს და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს რუსეთის ასეთ ნაბიჯებზე ღონისძიებების გატარება.
"მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ ოკუპაციის შედეგის დაკანონების მცდელობის დაუშვებლობა და არ არის მიმართული აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება", - აცხადებს ბაქრაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ამ საკითხზე იმუშავებს პარლამენტის განათლების და საგარეო საქმეთა კომიტეტები, ხოლო პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი ოფიციალური წერილით მიმართავს განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს რათა რეაგირება მოახდინო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.