ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამის პასუხი არის 28 ოქტომბრის არჩევნები.
„ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ”. ამ სისტემაში ჩართულია სასჯელაღსრულება, იუსტიცია, შს სამინისტრო, პროკურატურა და ა.შ. ამის პასუხი არის 28 ოქტომბრის არჩევნები. ეს ხალხი არაფერს გამოიძიებს. ვხედავთ, რომ გამოძიების სანაცვლოდ აბსურდის თეატრს დგამენ. რაც შეეხება შინაარსს, ძალიან საგანგაშოა, რომ ასე ხდება მინისტრების შანტაჟი მათი უკანონო ქმედებების გამო. ძალიან საგანგაშოა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირდაპირი საუბარი, რომელსაც ეს ადამიანი ახდენს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, რუსთავი 2-მა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ახალი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სუბელიანი მმართველი გუნდის იმ წევრებზე საუბრობს, ვისზეც კომპრომატები აქვს. სუბელიანი გავრცელებულ ჩანაწერში სააკაშვილის ლიკვიდაციასაც ახსენებს.