ამაზრზენ, გამრუდებულ რეალობაში გვაცხოვრებენ და ცდილობენ, დააბრუნონ ფარული ჩანაწერების მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთმანეთსაც პათოლოგიური ინტერესით უღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ახლაც სურთ, ანალოგიურ დღის წესრიგში დააბრუნონ მოსახლეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები ამით უკვე დაიღალნენ.
„ვუსმენდი მოქალაქეების გამოკითხვას და ძალიან მენიშნა მათი რეაქციის, რომ დაიღალა ხალხი ამდენის მოსმენით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული ფაქტი არ უნდა იყოს გამოძიებული, ავთენტიკურობა დადგენილი, მაგრამ ამ დღის წესრიგით ცხოვრებას ალბათ არავინ აპირებს. მესმის, წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბინძური მეთოდებით ერთმანეთთან დაპირისპირებას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, რუსთავი 2-მა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ახალი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სუბელიანი მმართველი გუნდის იმ წევრებზე საუბრობს, ვისზეც კომპრომატები აქვს. სუბელიანი გავრცელებულ ჩანაწერში სააკაშვილის ლიკვიდაციასაც ახსენებს.