უშიშროების საბჭოს სხდომა სავარაუდოდ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, გაიმართება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალების ყურადღების მისაპყრობას აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირაში აუცილებლად გაიმართება და ეს სავარაუდოდ ხუთშაბათს მოხდება.
ბაქრაძის თქმით, სხდომის გამართვა გარკვეულწილად გააჭინაურა უშიშროების საბჭოს მდივნის მივლინებაში ყოფნამ და სხდომა მისი დაბრუნებისთანავე გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილი ვითარება.
"ღმერთმა ნუ ქნას რომ მანამდე გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხი ვერ მოგვარდეს, მაგრამ ცხადია ეს თემა განხილვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება", - აცხადებს დავით ბაქრაძე და აღნიშნავს, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას იმიტომ აკეთებს რომ საქმის კურსში ჩააყენოს ყველა პოლიტიკური ძალა ვინაიდან სხდომა გაფართოებული ფორმატით გაიმართება.