საპარლამენტო ფრაქცია ძლიერი საქართველო ფრაქციის წევრებს შორის რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის არარსებობის გამო, შესაძლოა, დაიშალოს. ამის შესახებ განცხადება, ფრაქციის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, "ძლიერი საქართველო" ოპოზიციური ფრაქციის წინაშე დაყენებულ ამოცანებს ვერ პასუხობს" და ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილი პირების ფრაქციაში ყოფნას აზრი არ აქვს.
ლორთქიფანიძე ყურადღებას თავად ფრაქციის თავმჯდომარის ფაქტორზეც ამახვილებს. "ანტიკრიზისული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი თორთლაძე, პარლამენტის სტრუქტურულ ნაწილს არ წარმოადგენს. ეს ორგანო პრეზიდენტის ბრძანებულებით არის შექმნილი და იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიერ შექმნილი ორგანოს ხელმძღვანელია ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ეს ფრაქციას ოპოზიციური ფუნქციების განხორციელებაში გარკვეულწილად აფერხებს", - აცხადებს ლორქიფანიძე.
გარდა ამისა, მისი თქმით გარკვეულ პრობლემას ქმნის ისიც რომ ფრაქცია არის ინტერპარტიული. ეს კი მისი თქმით "მთელ რიგ შემთხვევებში ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას უშლის ხელს", - აცხადებს დიმიტრი ლოღქიფანიძე და აღნიშნავს, რომ "იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება ფრაქციის წევრებს შორის მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, შესაძლოა ფრაქცია დაიშალოს".
შეგახსენებთ რომ ფრაქცია ძლიერ საქართველოში რომლის თავმჯდომარეც არის გია თორთლაძე შედიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა დავითაია, რომან მარსაგიშვილი, ნუგზარ ერგემლიზე და გურამ ჩახვაძე.