კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული მუქარა ამოვიკითხე, ისევე როგორც თავის დროზე ამოვიკითხეთ ეს მუქარა ოქუაშვილის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის კითხვის [მოუსმინა თუ არა გუშინდელ ჩანაწერს და აღმოაჩინა თუ არა გარკვეული დარღვევები] პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„როგორც ოქუაშვილის საქმეში ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ასევე ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული მუქარა ამოვიკითხე, ისევე როგორც თავის დროზე ამოვიკითხეთ ეს მუქარა ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემქურება ხელისუფლებას, რადგან გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ზოგად სურათს, გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერის შემდეგ. ეს საქართველო არის ის საქართველო, რაც იყო გუშინ, ის საქართველო, სადაც წარსულში „ნაცმოძრაობა“ აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. გავიხსენებ, 10 ათასი კაცი, როცა ჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, იმას ფარული ჩანაწერები არ სჭირდება. ვერანაირი ფარული ჩანაწერები ამ რეალობას ვერ შეცვლიდა. ზუსტად ამიტომ დაემხო თქვენი რეჟიმი და ზუსტად ამიტომ მოხდა სათანადოდ თქვენი რეჟიმის მხილება, რადგან აკეთებდით ცხრა წლის განმავლობაში. ცარიელ ადგილზე, კონკრეტული გადაცდომისა და დანაშაულის გარეშე ვერანაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.