ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განმარტებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურა მიქაძემ სასამართლოში ისეთი ინფორმაცია გააჟღერა, რაც მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.
"დღეს დაიწყო ბრალდებულ ზურა მიქაძის სასამართლოში დაკითხვა. მან თავდაპირველად, თხრობითი რეჟიმში მოახსენა სასამართლოს ინფორმაცია. მოცემულ ეტაპზე მას ჩვენება არ დაუსრულებია. ბრალდების მხარეს აქვს კონკრეტული კითხვები მის მიერ თავისუფალ რეჟიმში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თუმცა, რა ინფორმაციაც აქამდე მიაწოდა, გარკვეულწილად, უკვე ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა, კონკრეტულ შეფასებას და ანალიზს მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ბრალდებული მიქაძე სასამართლოს წინაშე თავის ჩვენებას დაასრულებს", - აცხადებს ოსაძე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.