საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ლიდერი ქალბატონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.
თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება ქალების უფლებებისა და ინტერესების დამცველი.
„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში, ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლებიც ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.