სალომე ზურაბიშვილი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა სოზარ სუბარმა რუსთავში განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ გვაქვს შანსი, ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის, მომავალი განვითარებისათვის.
„სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ჩვენ ყველანი ერთად დარწმუნებულები ვართ, ამას ვაჩვენებთ 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ, როცა საქართველოს სჭირდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.