სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს „სვეტი“ როგორც ბიზნეს სუბიექტი, დასრულდა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებს.
„ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არც ერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთ ასეთ საჩივარს სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამას გავაკეთებთ ფორმალურად, რათა ზემდგომ ინსტანციებში ეს პროცედურები იყოს გამოყენებული და არ იყოს ამაზე პრეტენზია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს „სვეტი“ როგორც ბიზნეს სუბიექტი, დასრულდა. ყველაფერი სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე იყოს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძესა და დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია "სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.