მე ვარ თითოეული იმ ადამიანის კანდიდატი, ვისაც უკვე მოსწყინდა და აღარ მოწონს ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ორპარტიული დაპირისპირება, არასტაბილურობა და იმის განცდა, რომ ან ერთ პარტიას უნდა მისცეს ხმა ან მეორეს, ან ქართულ ოცნებაში უნდა იყო ან ნაციონალურ მოძრაობაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ცვლილებები სჭირდება.
„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „დათო ბაქრაძე მე არ წარმომადგენს, ჩემი კანდიდატი არ არის, ჩემი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძეო”, აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მისი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი, მე გეტყვით ვისი კანდიდატი ვარ. მე ვარ თითოეული იმ ადამიანის კანდიდატი, ვისაც უკვე მოსწყინდა და აღარ მოწონს ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ორპარტიული დაპირისპირება, არასტაბილურობა და იმის განცდა, რომ ან ერთ პარტიას უნდა მისცეს ხმა ან მეორეს, ან ქართულ ოცნებაში უნდა იყო ან ნაციონალურ მოძრაობაში. აი ეს ორპარტიული დაპირისპირება ვისაც აღარ უნდა და თვლის, რომ ამ ქვეყანაში თეთრის და შავის გარდა ძალიან ბევრი ფერი უნდა იყოს, განსხვავებული არჩევანი უნდა იყოს და მომავლის პერსპექტივა უნდა იყოს აი იმ ადამიანების კანდიდატი ვარ მე და ამ ადამიანების კანდიდატი მინდა ვიყო მე.
მე მინდა ვიყო იმ ადამიანების კანდიდატი, ვისაც არ მოწონს დღევანდელი ცხოვრება, ვისაც არ მოწონს ქართული ოცნება, არ მოწონს ის, რომ ქვეყანა ვეღარ მიდის წინ, არ მოწონს ის რომ მატულობს გაჭირვება და სიღარიბე, მაგრამ ამავე დროს ეშინია იმისაც, რომ არ დაბრუნდეს აგრესიული წარსული. ეშინია არეულობის, ეშინია შურისძიების, ეშინია რევანშის. ამ ადამიანების კანდიდატიც ვარ მე, იმიტომ რომ მთელი ჩემი კამპანიაც, ხედვაც, მოღვაწეობაც და ფილოსოფიაც არის სწორედ ის, რომ ქვეყანას უნდა მოვუტანოთ ცვლილებები", - განაცხადა ბაქრაძემ.