საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ხალხის ხელოვნურად დაშორიშორებას ვერანაირი ახალი ბერლინის კედელი ვერ შესძლებს.
როგორც ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის მიერ თვითნებურად, ე.წ. ახალი ბერლინის კედლის აღმართვის საკითხზე კომენტირებისას კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "თავის დროზე ბერლინის კედელი სწორედ იმიტომ დაინგრა, რომ ხელოვნურად ადამიანების დიდხანს გაყოფა არ ხდება".
"ხელოვნურად ადამიანების დაშორიშორება და ხელოვნური გზით მათი დაყოფა დიდხანს არ ხდება. თავისუფლება ადამიანის მოთხოვნილებაა და მას წინ ვერანაირი ბარიერი აღუდგება. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც ვერ მოხერხდება დიდხანს ეთნიკური ნიშნით ადამიანების გადამტერება", - განაცხადა კალანდაძემ.