პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს საქმეს სააპელაციო სასამართლო ხვალიდან განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 31 მაისს გამოტანილი განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან“ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია.
„ხვალ იწყება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა. პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე ჩვენ, დაცვის მხარემ გავასაჩივრეთ. ბრალდების მხარე წარმოადგენს შესავალ სიტყვას, რის შემდეგაც, დაცვის მხარეც წარმოადგენს თავის შესავალ სიტყვას.
გავასაჩივრეთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც, განაჩენს არ ვეთანხმებით. კერძოდ, განზრახვის და სასჯელის ნაწილში მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ვთვლით, რომ ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნა არ ეფუძნება იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში არსებობს.
თუ სააპელაციო სასამართლო მიუკერძოებლად, ობიექტურად განიხილავს მოცემულ საქმეს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სააპელაციო მოთხოვნა სრულიად იქნება დაკმაყოფილებული, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, საერთოდ არ იქნება დაკმაყოფილებული“, - აცხადებს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.
სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.