ოფიციალური თბილისი ევროპული უსაფრთხოების არასტაბილურობასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას "ცინიკურს" უწოდებს.
"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ევროპული უსაფრთხოება არამყარია, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა, ცინიკურია. უსაფრთხოების ის მექანიზმები, რაც ევროპაშია, ეფექტურია, მაგრამ ბუნებრივია, როცა ერთ-ერთი სახელმწიფო თამაშის წესებს არ იცავს, მის ეფექტურობას საფრთხე ექმნება. თამაშის წესებს კი სწორედ რუსეთი არღვევს", - განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს მედვედევის განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, კალანდაძის განმარტებით, შესაძლოა ევროპული უსაფრთხოების მექანიზმი გაძლიერებას საჭიროებდეს, მაგრამ როცა ამის ინიციატივით რუსეთი გამოდის, ეს სასაცილოა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოსთან კონფლიქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპული უსაფრთხოება არამყარია. რუსეთ-საქართველოს ომზე მედვედევმა ამჟერად გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" ისაუბრა. "საქართველოსთან კონფლიქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპული უსაფრთხოება არამყარია. 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები სწორედ ევროპული კონფლიქტი იყო და მას შემდეგ ყველა უნდა ეცადოს ამ უსაფრთხოების გამყარებას", - განაცხადა მედვედევმა.