მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს წარმომადგენლების ინფორმირება ამ რეგულაციების თაობაზე.
„ფართო კონსულტაციები გვექნება, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. საპატრიარქოს წარმომადგებლებთან შეხვედრები გვქონდა, ეს კონსულტაციები გაგრძელდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს წარმომადგენლების ინფორმირება ამ რეგულაციების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ. გვეჩქარება მხოლოდ მარიხუანის მოხმარების ნაწილში, რადგან ვაკუუმი არსებობს. ერთიანი ინიცირება ლოგიკური იყო, რადგან საკითხი ერთ თემას ეხება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ კანაფის წარმოებაზე საზოგადოებას არ აქვს დეტალური ინფორმაცია.
„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე. საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. საზოგადოებაში საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის საპატრიარქოს ვგულისხმობ. კანონპროექტში სხვა რამე წერია და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სხვა ინფორმაცია აქვთ. ჩვენთვის მნიშვნელივანია ამ ინფორმაციის გაცვლა. მთავარია, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მივიღოთ და სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. საუბარი არ არის ნარკოტიკების წარმოებასა და ლეგალიზებაზე. ზოგიერთი ტელევიზიით საუბრობენ, თითქოს საუბარია ამაზე, რაც ტყუილია. კონკრეტული ეკონომიკური გათვლებია, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ არის, დაკავშირებულია მცენარე კანაფზე და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებაზე. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება ჩვენთვის სასარგებლო იყოს. ყველაფერს ავწონ-დავწონით, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც საზიანო არ იქნება“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.