საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"მოზარდების გათავისუფლების პროცესში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. ევროკავშირის მისიამ უკვე გამოქვეყნა მოწოდება დაკავებულთა უფლებების დაცვის მოთხოვნით, თუმცა, მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ამ ტიპის განცხადებები საკმარისი არ არის. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველას, ვისაც ბავშვების გათავისუფლების საქმეში წვლილის შეტანა შეუძლია, უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდონ ამ საკითხს და უფრო აქტიურად ჩაერთონ მის მოგვარებაში", - განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პროცესი არ შედგება "თბილისს მეტი დრო ექნება მარიონეტულ რეჟიმთან მოსალაპარაკებლად".
"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს რა მდგომარეობაში იმყოფებიან მოზარდები, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი და როდის იგეგმება ვითარების განმუხტვა", - განმარტა კალანდაძემ.