27 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პარიზში ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორა საპროტესტო აქციას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სამინისტრო საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, მხარი დაუჭიროს პარიზელ თანამემამულეებს და 27 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 16 საათზე გამოხატოს თავისი პროტესტი.
როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, იულონ გაგოშიძე აცხადებს, რუსეთი ცდილობს 21-ე საუკუნეში საქართველოში ახალი ბერლინის კედელი აღმართოს, თუმცა მისი მცდელობა რუსული იმპერიალიზმის დასასრულის მაუწყებელია და ეს კედელი რუსეთის იმპერიასთან ერთად უფრო მალე უნდა დაინგრეს.
"27 ნოემბერს პუტინი პარიზში ჩადის. ამ ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველები მხარდამჭერებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციას პარიზში 27 ნოემბერს, ნაშუადღევის 5 საათზე პარიზის დროით. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ პარიზელ ქართველებს და 27 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 16 საათზე ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მასპინძლებს მთელ მსოფლიოში, რომ რუსული ჯარი ჯერ კიდევ საქართველოში დგას და რომ ხვალ ეს ჯარი შეიძლება მათ ქეყანაშიც აღმოჩნდეს, თუ კი დღეს არ ამოვდებთ ლაგამს გათავხედებულ რუსულ იმპერიალიზმს. ასე მიმართეთ თქვენს ევროპელ მასპინძლებს: ევროპელებო, ფრთხილად იყავით, საბჭოთა კომუნიზმის აჩრდილი ისევ დაძრწის ევროპაში! იცოდეთ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს ომი თქვენი ომია, საქართველო დღეს დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის წინა ხაზზეა და საქართველოს გამარჯვება დასავლური ღირებულებების გამარჯვებაა, ესე იგი, თქვენი გამარჯვებაც არის. ეს გამარჯვება აუცილებლად მოვა: ბერლინის კედლის აგება საბჭოთა კავშირის აგონიის დასაწყისის მანიშნებელი იყო და ამ აგონიამ 25 წელს გასტანა, ბერლინის ახალი კედელი კი, რომელსაც რუსეთი საქართველოში აშენებს, რუსული იმპერიალიზმის დასასრულის მაუწყებელია და ეს კედელი რუსეთის იმპერიასთან ერთად უფრო მალე უნდა დაინგრეს, რადგანაც ისტორიული დროის დინება დღეს უფრო სწრაფია, ვიდრე გასულ საუკუნეში, თქვენი, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს", _ აცხადებს სახელმწიფო მინისტტრი დიასპორის საკითხებში, იულონ გაგოშიძე.