მე ვფიქრობ, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რუსული პროპაგანდა არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვისაც.
„მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული ად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ზალკალიანმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ გარკვეულ შეზღუდვებზე უფრო ეფექტური პასუხი არის ის ქმედება და საქმიანობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და ის შედეგები, რაც უკვე არსებობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, გადაწყვეტილებები ნატო-ს ბოლო სამიტიდან და ა.შ.
მინისტრმა ოპოზიციის ინიციატიავასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას კანონმდებლობა პროპაგანდის შეზღუდვის მიმართულებით, განაცხადა, რომ რომ აუცილებლად არის მოსაძებნი ეფექტური ფორმები იმისთვის, რომ ის პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იყოს აცილებული. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ და ამერიკელ პარტნიორებთან.