ბულგარეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "მდინარის ნოტები" ქართველმა შემსრულებელმა თეო თევზაძემ გრან-პრი მოიპოვა. კონკურსი რამდენიმე ტურად გაიმართა, ოთარ ყუფუნიას მიერ ქართულ ქალაქურ მოტივებზე შექმნილმა სიმღერამ, ჟიურიმ განსაკუთრებით აღაფრთოვანა.
პირველივე საკონკურსო ტურის შემდეგ, 45 კონკურსანტს შორის თეო თევზაძე ბულგარელ კრასიმირა ატანასოვასთან ერთად ლიდერად ითვლებოდა.
თეო თევზაძე 18 წლის არის, მუსიკის შესწავლა რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლში "ლახტი" დაიწყო, იყო ანსამბლ "ნერგების" სოლისტი.
მისი პედაგოგები არიან ნუცა ჯანელიძე და ნანა ჟღერია. თევზაძე სატელევიზიო მუსიკალური პროექტის "ნუცას სკოლის" მონაწილე და "სმს ფესტივალის" პირველი ადგილის მფლობელია. კონკურსის შემდეგ ახალბედა მომღერალმა ყაზახეთის კულტურის მინისტრის მოადგილისგან და ვარნის საერთაშორის ფესტივალის ორგანიზატორებისგან მიწვევა მიიღო. ჟიურის თავმჯდომარის განცხადებით, თეო თევზაძეს აქვს ფანტასტიური ხმის ტემბრი, საოცრად სცენურია და აქვს საოცარი ტექნიკა, რითაც ის სხვა კონკურსანტებს შორის გამოირჩეოდა.
თეო თევზაძის საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრება მამუკა სააკაშვილის საპროდიუსერო ცენტრმა უზრუნველყო.