დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია მარნეულის რაიონისნის სოფელ ალგეთში ახლადაშენებულ №2 საჯარო სკოლას გახსნის. მინისტრი დღესვე რაიონის 21 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 18 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოებს.
ალგეთის №2 საჯარო სკოლის 250-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლის. ახალი სკოლა 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი" ფარგლებში აშენდა, რისთვისაც 364 600 ლარი დაიხარჯა. აქამდე ალგეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 1930 წელს აგებულ ერთსართულიან, სრულიად ამორტიზირებულ შენობაში სწავლობდნენ.
ახალი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებით, კომპიუტერებით, სპორტული ინვენტარით, სასწავლო თვალსაჩინოებებით.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკა გვარამია ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან დავით კირკიტაძესთან ერთად რაიონის 18 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს და პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, 21 წარჩინებულ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს.
2009 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" ფარგლებში 564 295 ლარი გადაეცა, რომლითაც განხორციელდა სოფელ ალგეთის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, მარნეულის №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, შაუმიანის №2 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის მოწყობა, მარნეულის №2 საჯარო სკოლაზე მიშენება და გათბობის სისტემის მოწყობა.