ENG / RUS       12+

სალომე ზურაბიშვილი და სახელისუფლებო-ოპოზიციური დილემა

მიუხედავად იმისა, რამდენად შედეგიანი იქნება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან უკვე მიაღწია ძალიან სერიოზულ წარმატებას იმით, რომ იქცა მიმდინარე  კამპანიის მთავარ თემად. იმდენად, რომ „იგნორი“ არ გამოდის. და თუ არ გამოდის, მაშინ მასობრივი ფსიქოლოგიის თავისებურებათა გათვალისწინებით, ნამდვილად აღარ აქვს მნიშვნელობა, დადებითად აშუქებენ თუ უარყოფითად - ლანძღავენ თუ აქებენ. მთავარია, რომ მასზე……. ლაპარაკობენ!

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა უკვე გაარკვია (მისთვის) მთავარი საკითხი: იგი არანაირად არ რისკავს საფრანგეთის მოქალაქეობის დაკარგვით იმ შემთხვევაში, თუ ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნებში დამარცხებისთანავე, ზურაბიშვილი გამოითხოვს განაცხადს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, ანუ დარჩება საფრანგეთის მოქალაქედ. საქართველოს მოქალაქეობა კი ისედაც აქვს, რასაც არავინ ედავება.

მეორე მოქალაქეობაზე მხოლოდ გამარჯვებისა და ინაუგურაციის წინ იტყვის უარს. ეს მთლიანად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას იმ უკიკალური შესწორების გათვალიწინებით, რაც „ოცნებამ“, რამდენიმე თვის წინ, სპეციალურად მისთვის შეიტანა საარჩევნო კოდექსში: კანდიდატი შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მხოლოდ დაიწყებს პროცედურებს (ანუ, მხოლოდ განაცხადებს) მეორე მოქალაქეობიდან გასვლის მიზნით. თუმცა ინაუგურაციის მომენტისთვის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

ამაზე, როგორც ჩანს, თბილისი და პარიზი უკვე შეთანხმდნენ. მაგრამ იმ შეთანხმების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ზურაბიშვილმა გააკეთა ცნობილი განცხადება 2008 წლის ომის „საქართველოს მიერ დაწყების“ შესახებ. ამ დებულებამ საინფორმაციო სივრცე „ააფეთქა“ (რაც ვერ მოხერხდებოდა, თუ იტყოდა „ცოტა“ სხვაგვარად,- მაგალითად, რომ „ომი სააკაშვილმა დაიწყო„) და ოცნების ლიდერებიც დააეჭვა.

მმართველი პარტის ლიდერშიპს ნამდვილად ეტყობა ყოყმანი. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა ალბათ, რომ მათ არ იციან ამ საკითხზე ბიძიონა ივანიშვილის პოზიცია მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სივრცეში ვითარება შეიცვალა. ივანიშვილს კი მუდამ ახასაითებდა ასეთი ტაქტიკა: კომპიუტერული „სტარტეგიის“ მსგავსად, ის საკუთარ „იუნიტს“ მხოლოდ უთითებს მიმართულებას და შემდეგ უყურებს, როგორ ახორციელებს იგი დავალებას, რათა საბოლოო ვერდიქტი ბრძოლის დასრულების შემდეგ გამოიტანოს. ხოლო რაკი „ოცნების“ ლიდერებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, ჟღერს  წინაარმდეგობრივი განცხადებები. ისიც კი ეჭვქვეშ დგება, რომ „ოცნება“ სწორედ ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს და არა სხვა რომელიმე „დამოუკიდებელ“ კანდიდატს.

უკიდურესი ვარიანტი  ისევ საკუთარი პარტიული კანდიდატის (ვთქვათ ზურაბ აბაშიძის) ნომინირებაა. მაგრამ იმას შემდეგ, რა განცხადებებიც გაკეთდა სულ რამდენიმე კვირის წინ „პარტიული კანდიდატის“ გამოკვეთაზე უარის თქმის შესახებ, ასეთი ცვლილება და უკან დახევა უკვე ძალიან სერიოზული სისუსტის, ყოყმანის, დაბნეულობის გამოვლინება იქნებოდა.

თორემ თავიდანვე ზურაბ აბაშიძე წარედგინათ როგორც „ოცნების“ პარტიული კანიდატი - პირველივე ტურში მოუგებდა გრიგილ ვაშაძესაც და დავით ბაქრაძესაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მმართველი პარტიის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სხვა შესადარი „დამოუკიდებელი კანდიდატი“, რომელიც სერიოზულად მაინც აღიქმება, მით უმეტეს ვაშაძესთან და ბაქრაძესთან შედარებით, პოლიტიკურ ჰორიზონტზე უბრალოდ არ ჩანს. ალეკო ელისაშვილის „ტიპის“ პოლიტიკოსი მუნიციპალურ არჩევნებში შეიძლება იყოს წარმატებული, ხოლო საერთოეროვნულ არჩევნებს სხვა დატვირთვა გააჩნია და ამომრჩეველიც სხვა განწყობით „მიდის“

გარდა ამისა, ოცნებამ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი. ბევრს ჰგონია, თითქოს ეს არ არის არსებითი საკითხი. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მარგველაშვილი მაინც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო „ოცნება“ ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს, მაშინ მარგველაშვილის შანსები მაინც მაღალი იქნება, რადგან ამომრჩევლის დიდ ნაწილს ეშინია „ნაციონალთა“ დაბრუნებისა. ამასთან, მის ორ განაყოფს შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავს.  მარგველაშვილი „კომფორტულია“ ამ კატეგორიის ამომრჩევლისთვის და საერთოდ ყველასთვის, თვით „ოცნების“ გარდა: მარგველაშვილის პრეზიდენტობა მას შემდეგ, რაც მასზე პარტიის ლიდერმა ილაპარაკა, „ოცნების“ მარცხი გამოვა 2020 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ.

ამიტომაც აცხადებს კალაძე: „ვაკვირდებით მოვლენების განვითარებასო“. ანუ, აკვირდებიან, რას გადაწყვეტს მარგველაშვილი საბოლოოდ.

ერთ-ერთი ვარიანტი, ამ უხერხულობიდან გამოსვლისა იქნება, თუ „ოცნება“ ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და განაცხადებს, რომ საერთოდ არავის უჭერს მხარს ანუ, უკვე სრულად ეთიშება საარჩევნო კამპანიას პოლიტიკური თვალსაზრისით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს რაც შეეხება სახელისუფლებო დილემას. მაგრამ მთავარი ოპოზიციური ძალები („ნაციონალები“ და „ევროპელები“) არანაკლებ ტრაგიკომიკურ ვითარებაში არიან ისევ და ისევ სალომე ზურაბიშვილის ფიგურასთან დაკავშირებით.

იმიტომ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ (ღიად დაუჭირის მხარი „დამოუკიდებელ ზურაბიშვილს“ თუ გაემიჯნოს მას და საერთოდ აღარავის მიმართ აღარ გამოხატოს სიმპათია) მათ უეჭველად სჭირდებათ სწორედ ზურაბიშვილის წარმოჩენა, როგორც „ოცნების“ „ფარული“ კანდიდატისა. ამ შემთხვევაში, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ (მთლიანობაში 74%) ის კატეგორია, ვისთვისაც „ოცნება“ იმაზე მატად არის მიუღებელი, ვიდრე მიშა-მისაღები, ან გრიგოლ ვაშაძის ან დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ თუ  მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ან დღევანდელი თანაპარტიელები დაიწყებენ სალომეს ნეგატიურ „გაფიარებას“ როგორც ოცნების ფარული კანდიდატისა („რა სისულელეა - სინამდვიელში ხომ ვიცით, ბიძინა მაგას უჭერსო მხარს რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა“) მაშინ იმავე 74%-იანი „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ბევრად დიდი ნაწილი, ვისთვისაც პირიქით -  „მიშა იმაზე მეტად არის მიუღებელი, ვიდრე ბიძინა-მისაღები“, - ადგება და მაინც სალომეს მისცემს ხმას არჩევნებზე: „ეგ ხომ სინამდვილეში სათაყვანებელი ბიძინას კანდიდატიაო“.

სულაც არ არის გამორიცხული, სალომეს საწინააღმდეგოდ, ვაშაძესაც და ბაქრაძესაც იმის თქმა აწყობდეთ, რომ „ბიძინამ უარი თქვა სალომეზე“ და არა რომ „ის სინამდვილეში „ოცნების“ ფარული კანდიდატიაო“. მაგრამ ასეთ შემთევავში იმავე „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ მესამე კატეგორია ამოქმედდება, ვინც „მესამე ძალის“ ძიებაშია და კაცმა არ იცის, რომელი კატეგორია რამდენი პროცენტია ამ 74%-იან „გადაუწყვეტელ მასაში“

ანუ, წინასაარჩევნო სიტუაცია საბოლოდ მხოლოდ მას შემდეგ გაირკევვა, რაც პასუხი გაეცემა ორ მთავარ კითხვას:

  • რას გადაწყვეტს „ოცნება“ ზურაბიშვილთან დაკავშირებით?
  • მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი?

სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანი დეტალია.

ნიკა იმნაიშვილი