საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ტირძნისიდან ქართველი მოზარდების გატაცებაში რუსეთს ადანაშაულებს და აღნიშნულს "დიდ სირცხვილად" აფასებს.
"თუ მათი სიდიადე სამი ტირძნისელი ბავშვის ციხეში ჩასმით განისაზღვრება, არ მშურს არც მათი და არც მათი სიდიადის. ასეთი სიდიადე რუსეთს ღმერთმა კარგად მოახმაროს. დიდი სირცხვილია სიდიადის ბავშვების დაპატიმრებაში გამოტახვა, რაც არც სადმე მინახავს და არც ისტორიიდან მახსოვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორის რაიონში ყოფნისას.
"აქ გადის, არა საზღვარი - ან ადმინისტრაციული, ან პოლიტიკური, არამედ ოკუპაციის ხაზი. საზღვარი ადამიანურობასა და არაადამიანებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ბავშვები დაიჭირონ და ციხეში ჩასვან არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. საქმე ძალიან დაუნდობელ ძალასთან გვაქვს", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.