წლევანდელ სეზონზე ციტრუსის შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ სეზონზე. გასულ სეზონზე აჭარაში 105 ათასი ტონა ციტრუსის მოსავა;ლი მოვიდა, წელს კი წინასწარი მონაცემებით, 50-60 ათას ტონა ცირტუსის მოსავალს ელოდებიან, რაც ციტრუსის მეწლეურობას უკავშირდება.
მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სასოფლო თემებში იმყოფებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დონარა სურმანიძე, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვაჟა მკურნალიძე და დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ლევან ბოლქვაძე. მათ ციტრუსოვანთა ბაღები დაათვალიერეს და მეციტრუსე ფერმერები გამოკითხეს. წინასწარი პროგნოზით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 40-45 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 55-60 პროცენტით.
მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა სექტემბერში იქნება დაზუსტებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ სეზონზე სეზონის პერიოდში ამოქმედდა წლების განმავლობაში უმოქმედო ციტრუსის მიმღები პუნქტები. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 10 შემფუთავი პუნქტის მიერ დამზადებული იქნა 2141 ტონა ციტრუსი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11-მა შემფუთავმა პუნქტმა დაამზადა 2480 ტონა ციტრუსი. ციტრუსის დახარისხება, შეფუთვა და ეტიკეტირება მიმდინარეობდა ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა დიზაინის ტარა-მასალაში (ხის, მუყაოს,კომბინირებული მუყაოსა და ხის, პლასტმასის).
2009-2010 წლების სეზონზე ბათუმში ამოქმედდა ევროსტანდარტის შესაბამისი პლასტმასის ტარის საწარმო - შპს `ჯეო პლასტიკი~, რომელიც აწარმოებს ხილისა და ბოსტნეულისათვის 6-14 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთებს. სეზონზე ქარხანამ მომხმარებელს მიაწოდა 100 ათას ცალამდე ციტრუსის დასაფასოებელი პლასტმასის ყუთი.
2009-2010 წლების სეზონზე ციტრუსის საკონსერვო გადამუშავება განახორციელა ორმა საწარმომ - შპს `ხილის კომპანია ნარინჯმა~ და შპს `ციტრომ~. სულ გადამუშავებული იქნა 600 ტონამდე ციტრუსოვანთა არასტანდარტული ნაყოფი. სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი თანხით შპს ,,ხილის კომპანია ნარინჯში" განხორციელდა ციტრუსის კონცენტრატისა და წვენების წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟი. სეზონზე მიღებული და გადამუშავებული იქნა 494 ტონა არასტანდარტული მანდარინის ნაყოფი, საიდანაც წარმოებულია 43 ტონა მანდარინის კონცენტრირებული წვენი.