საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ცვლილება შევიდა კანონში "სახელმწიფო ქონების შესახებ". საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლები, კულტურული, სამეცნიერო და სახელმწიფო დაწესებულებები, აგრეთვე სახელმწიფოს კერძო მოიჯარეები (მოსარგებლეები) მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე არსებული საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლდნენ.
საკანონმდებლო შეღავათი 900-ზე მეტ ორგანიზაციას შეეხო.
საჯარიმო სანქციები სამი სახის ვალდებულების შეუსრულებლობამ წარმოშვა. კერძოდ, აღნიშნულ ორგანიზაციებს დაუგროვდათ კომუნალური დავალიანებები; არ ჰქონდათ დაზღვეული სახელმწიფო ქონება, სადაც ისინი ფუნქციონირებდნენ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განსაზღვრული პერიოდულობით არ აწვდიდნენ ინფორმაციას მათთვის გადაცემული ქონების მდგომარეობისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა რომ არა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო გაეტარებინა ფულადი საჯარიმო სანქციები კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მათი განხორციელების შემთხვევაში მწვავედ იდგა ასევე შესაბამისი თანხების ამოღების საკითხიც.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრ ორგანიზაციას არა ჰქონდა საშუალება, გადაეხადა ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმები. ამიტომ სამინისტომ გადაწყვიტა მათი საჯარიმო ვალდებულებებისგან გათავისუფლება. "ვფიქრობთ, რომ ინიციატივა დაეხმარება აღნიშნულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, საკუთარი ძალისხმევა საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის მიმართონ", - განაცხადა ვერა ქობალიამ.
გარდა ამისა, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ქონებას განკარგავენ, შესაძლებლობა მიეცათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე სახელშეკრებულებო პირობების გადახედვის წინადადებით მიმართონ.