ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ გასულ კვირას პროკურატურაში გამართულ შეხევდრაზე მას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად 10 დღე სთხოვეს.
„სამშაბათს გადაწყდება, პროკურატურა რას გააკეთებს, იქამდეც უკვე რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგან, ამ პირობით ვარ იქიდან წამოსული. 10 დღე მოგვეცითო, მითხრეს და ვნახოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა, თუმცა, პროკურატურა ამუხრუჭებს. ახლა უკვე პროკურატურას ვეჩხუბები“, - აცხადებს სარალიძე.
თუკი, პროკურატურა სარალიძის მიერ მათთვის მიცემულ ვადაში პირობას არ შეასრულებს, სარალიძე ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ განაგრძოს ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, უცნობია, თუ ვინ მიაყენა სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები.
ზაზა სარალიძე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავებას და დასჯას მოითხოვს.