ფაქტობრივად, ყველა წევრმა დასვა კითხვა. იუსტიციის მინისტრს ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს. კითხვები შეეხებოდა ჩემს ხედვას, თუ როგორ წარმომიდგენია პროკურატურა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროკურორო საბჭო, თუმცა იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ობიექტური, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო გოგნიაშვილმა საპროკურორო საბჭოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას უსმენდნენ.
მისი თქმით, ის არ თვლის, რომ ფორმალური პროცესები მიმდინარეობს, თუნდაც იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც მას დაუსვეს.
მისივე თქმით, ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ ის ავსებდა ადგილს და ქალი კანდიდატი მხოლოდ იმის გამო შეირჩა, რომ გენდერული კვოტა შევსებულიყო, რასაც, ის არ ეთანხმება.
"მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და შემდგომ უკვე გენპროკურორი უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური, ასევე იყოს სამართლიანი. ყოველთვის ვიყავი ობიექტური და სამართლიანი. არმგონია არჩევის შემდეგ ამ პრინციპებს ვუღალატო. ჩემი შერჩევა ამ პრინციპების გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ“, - განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.