საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიდა ქართლში ელოდებიან
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სააკაშვილი გორის რაიონის სოფელ საქაშეთში დევნილი მოსახლეობისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების გადაცემის ცერემონიას დაესწრება.
ქვეყნის პირველი პირი საქაშეთში 14:00 საათზე ჩავა.
გორის რ-ნ სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდება. სახლები აშენდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის დაფინანსებით.
ახალმოსახლეები ბოლო დრომდე საბავშვო ბაღებში და სხვადასხვა ობიექტებზე იყვნენ გადანაწილებული და არ გააჩნდათ საკუთარი სახლი.
სახლების გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრებიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
სპეცილურად ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევია თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის, ფარუქ ჩელიქის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის რესპუბლიკის დეპუტატები და თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის პრეზიდენტი მუსა ქულაქლიქაია.