„მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს - ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, განუცხადა.
თუმცა, მარიამ ჯაში ჯერჯრობით არაფერს ამბობს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, განათლების გაფართოებული სამინისტრო ბატიაშვილმა ჩაიბაროს. ის აცხადეს, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა.
"მისი დადებითი შეფასება ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება. მე, პირადად, კვლევაზე ზუსტად იმ უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ჯერჯეროით დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების გამსხვილებულ სამინისტროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი, ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.