ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს, შესაძლოა, პროკურატურამ შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ჩაუტაროს. აღნიშნული „ჯი-ეიჩ-ენს“ მწყემსის ადვოკატმა, მურმან ნიკოლეიშვილმა განუცხადა.
„ექსპერტიზა ასეთ მოკლე დროში ვერ ინიშნება და არ ტარდება. თუმცა, როგორც ვიცი, პროკურატურა მის ჩატარებას აპირებს. თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს გეუბნებით, ამ ეტაპზე ექსპერტიზა არც დანიშნულია და არც ჩატარებული“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება იმას, მოითხოვს თუ არა თავად ადვოკატი, აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას, როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, ეს უკვე დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებული კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც არ სურს.
ადვოკატი არც საქმის დეტალებზე საუბრობს, რადგან მისი განცხადებით, ბარლდებულს ასე სურს.
ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, კომენტარს აღარ ვაკეთებ. ჯერ ბრალიც არ აქვს წაყენებული, ბრალის წაყენების შემდეგ შეგვიძლია დეტალებზე კონკრეტულად საუბარი“, - დასძენს უფლებადამცველი.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ადვოკატი კი აცხადებს, რომ მწყემსმა მას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.
„სანამ ადვოკატები ჩავერთვებოდით, როგორც ჩანს, პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა, ჩვენთან სხვა ვერსია მოჰყვა და განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ეს ცვლილება რითია გამოწვეული, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენთან სხვა ვერსიაზე საუბრობდა“, - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.
მწყემსს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება.
საგამოძიებო ორგანო მალხაზ კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.
ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.