„მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა, სამთავრობო გუნდის დასახელება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი პრეროგატივაა,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, განუცხადა.
ამასთან, მას არ სურს იმ საკითხზე საუბარი, შეიცვლება თუ არა განათლების მინისტრი და ამობს, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა.
“მინდა, გთხოვოთ იმ პრეროგატივის პატივისცემა, რომელიც პრემიერ-მინისტრს სამთავრობო გუნდის დასახელების კუთხით ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროებში ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელები გვეყოლება,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ჯერჯეროით დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების გამსხვილებულ სამინისტროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი, ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.
გარდა ამისა, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, გიორგი ქობულია დაიკავებს, რომელიც რუსეთში, კერძო სექტორში საქმიანობს. ფინანსთა მინისტრის პორტფელი კი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, ჩაიბაროს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.