სასამართლოს უპატივცემლობაში ბრალდებული ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის და აბსურდულ ბრალს ედავებიან.
"ის მასკარადი და ცირკი, რომელიც ვაკე-საბურთალოს სამმართველოში იყო, გრძელდება, უბრალოდ, საქალაქო სასამართლოში გადმოინაცვლა.
როგორც ჩანს, ფიქრობენ რომ მოჭარბებულია საფრთხე, კიდევ სხვისი ულუფა არ შევჭამო, ამიტომ გადაწყვიტეს სასწრაფო წესით ჩაენიშნათ აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ შევთავაზებთ სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დავრჩეთ, რადგან სრული აბსურდია ის ბრალი, რასაც მედავებიან", - აცხადებს კუპრავა.
როგორც ის აღნიშნავს, არ გამორიცხავს სხდომის დარბაზშივე მის დაკავებას.
"ყველაფერს ვვარაუდობთ, რადგან ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება", - დასძენს კუპრავა.
რაც შეეხება გირაოს ოდენობას, 5000 ლარს, რომელიც ბრალდების მხარემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზე დააყენოს, კუპრავა აღნიშნავს, რომ ეს თანხა არ აქვს.
"5000 ლარი არ მაქვს, კი ამბობენ მილიონერიაო, მაგრამ ჩემი ფინანსური მდგომარეობა არის იმდენი, რომ ოჯახი ვარჩინო. არც 5 000 მაქვს და არც 500 ახლა ჯიბეში", - აღნიშნავს კუპრავა.
ცნობისთვის, კუპრავას ბრალი ედება სასამართლოს უპატივცემულობაში, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე.