საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საპრივატიზაციოდ გამოტანილ ერთ-ერთ ობიექტზე, ი. აბაშიძის №70-ში მდებარე ყოფილი ფინანსთა სამინისტროს შენობასთან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა - კერძოდ, შენობაზე სპეციალური ბანერი დამონტაჟდა, რომელზეც პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
ანალოგიური ბანერები დამონტაჟდა გასაყიდად გამოტანილ კიდევ ორ ობიექტზე - მ. კოსტავას ქუჩა N43-ში მდებარე ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ფალიაშვილისა და მოსეშვილის ქუჩებზე N85-24-ში მდებარე შენობაზე, სადაც მანამდე გეოლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა.
როგორც ვერა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში პრივატიზაციის პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა, გასაყიდი კიდევ არაერთი ობიექტი დარჩა. მინისტრის განცხადებით, პრივატიზაციის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს, ამისთვის კი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც სამინისტრომ უნდა გადადგას, გასაყიდად გამოტანილი ობიექტების შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელებაა.
"ინფორმაცია იბეჭდება გაზეთ "24 საათში", გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე, მაგრამ ასევე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქალაქში დამონტაჟებული ბანერებიდანაც გაიგოს ინფორმაცია გასაყიდი ობიექტების შესახებ - მათზე მითითებულია შესაბამისი ვებ-გვერდის მისამართი და ტელეფონის ნომერი" - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება გასაყიდი ობიექტების არჩევის კრიტერიუმს - ვერა ქობალიას განცხადებით, ეს ის ობიექტებია, რომლებზეც ინვესტორების მხრიდან მოთხოვნილება არსებობდა, ამასთან, ისინი თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს. მინისტრის აზრით, ამ შენობების გაყიდვის შემთხვევაში იქ სხვადასხვა საწარმოები გაიხსნება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ამიტომ მათი პრივატიზება მთელი ქვეყნის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის კოლექტივს, მას საშუალება ექნება, აუქციონში მიიღოს მონაწილება.
ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 2,4 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს, ხოლო აუქციონის ბიჯი 100 ათას აშშ დოლარის ექვივალენტია ეროვნულ ვალუტაში. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია იქ განთავსებულ ორგანიზაციას მომდევნო შვიდი თვის მანძილზე შენობის დატოვება არ მოსთხოვოს. აუქციონი 2010 წლის 27 აგვისტოს გაიმართება.
ფინანსთა ყოფილი სამინისტროს საპრივატიზებოდ გამზადებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართია 7997.39 კვ.მ. საწყის ფასად განსაზღვრულია 4.8 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ბიჯი - 200 000 დოლარის ექვივალენტი. აუქციონი გაიმართება 2010 წლის 3 სექტემბერს.
ყოფილი გეოლოგიის ინსტიტუტის შენობის საწყისი ფასია 1,5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ბიჯი შეადგენს 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტს. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია იქ განთავსებულ ორგანიზაციებს მომდევნო 2 თვის მანძილზე შენობის დატოვება არ მოსთხოვოს. აუქციონი გაიმართება 2010 წლის 10 სექტემბერს.