გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შსს-ში არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადეს, სიგუა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწერება. უწყებაში, ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის შეძლებს სიგუა სხდომაზე გამოცხადებას.
შსს-ს განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენენ.
ცნობისთვის, ის გუშინ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე მან, ორი მცდელობის მიუხედავად, მისი უფლებამოსილება ვერ ჩამოაყალიბა.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, სიგუა სამსახურეობრივ კონტროლს უწევს საგამძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ ღონისძიებებს.