„შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა იმას ნიშნავს, რომ მთავარი პროკურორი მთავრობის პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი აბესაძემ, დღეს პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე თადუმაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი აბესაძის თქმით, მთავრობისთვის ახლა მთავარი მხოლოდ ის არის, რომ ამ თანამდებობაზე ისეთი პირი აირჩიოს, ვინც პოლიტიკურ მორჩილებაში ეყოლება.
„შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ამის შემდეგ ის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ჩვენ მთავარ პროკურორად საზოგადოებას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შევთავაზეთ, რომელიც ნამდვილად იქნება თავისუფალი როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენისგან, ასევე ზოგადად პოლიტიკური გავლენებისგან. რაც მთავარია, ის იქნება ობიექტური და პროფესიონალი მთავარი პროკურორი, რაც გადამწყვეტი ნიშან-თვისებაა იმ პირისთვის, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.