"ჯი-ეიჩ-ენთან" ადვოკატი ინგა არახამია აცხადებს, რომ მას უთვალთავლებენ.
როგორც ის აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ასევე ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის, ნიკოლოზ დგებუაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავდა, მის სახლთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავები დგანან.
„სავარაუდოდ, მისმენენ, რადგან ჩემს სახლთან პოლიციის მანქანები დგანან, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები არიან. ერთ-ერთი მათგანი ამოვიცანი - ოფიციალურად იოსები ჰქვია, ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა, ამიტომაც ამოვიცანი და გაიშიფრნენ, თორემ ისე ვერ მივხვდებოდი.
მითვალთვალებენ, მანქანას სურათიც გადავუღე, წითელი „ნისანით“ დგანან ჩემს სახლთან. ჩემი შვილია სახლში და მას რომ რამე მოუვიდეს, სრული პასუხისმგებლობა პოლიციას დაეკისრება“, - აცხადებს არახამია.
როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც მის სახლს ესროლეს, გამოძიებას მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.
„მას შემდეგ, რაც ჩემს სახლს ესროლეს, არანაირი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ, არანაირი მტკიცებულებები არ მოუპოვებიათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გენინსპექციასაც და პროკურატურასაც მივმართავ, რადგან ადვოკატის მიმართ უკანონო თვალთვალი და დევნა სისხლის სამართლის წესით ისჯება“, - აცხადებს არახამია.
ცნობისთვის, ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ სახლს 5 მაისს, გვიან ღამით, 5 ტყვია ესროლეს. ადვოკატი ამ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს. ის ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმრის ადვოკატია.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.