შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში მყოფ ზაზა სარალიძესთან უწყებიდან არავინ მისულა და არც არავინ დაკონტაქტებია. ამის შესახებ მან „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა. როგორც სარალიძე განმარტავს, აქციის მარტო გამართვას მანამდე განაგრძობს, სანამ მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ.
„ყველა მოთხოვნა, რომელიც აქამდე მქონდა, ძალაშია. ამ წუთას მიხეილ კალანდიას დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ვითხოვ. ეს საქმის მასალებიდან გამომდინარე უკვე გამოკვეთილი და აშკარაა.
საპარლამენტო კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა. ერთი - გ.მ.-ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება და მეორე, კალანდიას პასუხისგებაში მიცემა. დამაინტერესა, შსს რა ეტაპზე იყო, დეპარტამენტის უფროსს შევხვდი, ვკითხე, რას აპირებთ კალანდიასთან დაკავშირებით-მეთქი. საკმარისი მტკიცებულებები არ მაქვს და ვერ დავაკავებთო, ანუ მის დაკავებას არ აპირებენ. მტკიცებულებებს უკვე ვეღარ მოიპოვებენ, ნივთმტკიცებულებები, მოწმეები აღარ არსებობს“, - აცხადებს სარალიძე.
როგორც ის განმარტავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის შიმშილობს.
„არ ვშიმშილობ, შიმშილობა რომ დავიწყო, მაშინვე გავითიშები და ბრძოლის უნარი აღარ მექნება. დიაბეტი მაქვს და დიაბეტიანის შიმშილობა რთულია“, - დასძენს სარალიძე.