რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მქონე კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. მისივე თქმით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია.
„კომისიას ექნება ალბათ რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია: ერთი, რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას და მე არ მივესალმები ასეთ ზედაპირულ მიდგომას. მეორე, ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარებოდა ამ საქმის ყველა გარემოების ობიექტურად წარმოჩენას, ყველა ასეთ ღირებულ რეკომენდაციას დავუჭერდი მხარს“, - განაცხადა ბესელიამ.