რთულია დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში უამრავი მოწმის ჩვენება არსებობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ახლა, ბოლოს გამოიკითხა, შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო.
„ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და ჩვენებას იმასთან დაკავშირებით არ იძლევა, თუ რა მოხდა. დეტალებზე საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა.
დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოწმეები ამ საქმეში სხვებიც არიან და არა მხოლოდ ეს ადამიანი. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მაქსიმალურად წამოვიღოთ რაც შესაძლებელია“,- განაცხადა მდინარაძემ, რომელაც აქვე აღნიშნა, რომ გამოიკითხებიან ის ადამიანები, ვინც მომხდარს საცხოვრებელი სახლებიდან უყურებდა.
„გარდა ამ მოწმისა ჩვენ ვცდილობთ, სხვა თვითმხილველი მოწმეებიც გამოვკითხოთ, რომლებიც შემთხვევას უყურებდნენ ზემოდან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან, ფანჯრებიდან. იქნებ მათგან მაინც რაღაც ისეთი ინფორმაცია წამოვიღოთ, რაც კიდევ უფრო გაგვიხსნის ხელ-ფეხს, რომ რეალობა დავინახოთ.
წინასწარ დასკვნები, მოწმეების ჩვენებების შეფასება, ვიდრე რაღაც ეტაპს მაინც არ ამოვწურავთსაგამოძიებო მოქმედებების, ყოველთვის შეცდომაში შეყვანაა სხვა ადამიანების, ვისაც ამას უყვებით.
აქედან გამომდინარე, ჯერ დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაფიქსირებ, რაც შემიძლია. ხუთ მეტრში ხდებოდეს რაღაც და შემდეგ ამას არ ამბობდე, ძალიან რთული დასაჯერებელია. მაგრამ ამის იქით მე შეფასებებში ჯერ ვერ შევალ“,- დასძინა მამუკა მდინარაძემ.