„იქნებ მასწავლოთ, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ. იქნებ გამაგებინოთ, როგორ შეიძლება, გარდაცვლილ ადამიანებზე რაიმე სახის სანქციები განხორციელდეს,“ - ამ კითხვით დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა, მიმართა. მისი თქმით, უწყება, რომელიც სიის შედგენაზე იყო პასუხისმგებელი, პარლამენტში უნდა მივიდეს და ახსნას, რატომ არ მოხვდნენ სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და როგორ მოხვდნენ გარდაცვლილი პირები.
“ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის“ იდეა თავიდანვე პრევენციული იყო. ეს იყო შესაძლებლობა იმისა, შეგვექმნა ეფექტური მექანიზმი ოკუპაციის ხაზის გასწვრის რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებების შესაჩერებლად - ისეთი ქმედებების შესაჩერებლად, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ ჩამონათვალით და იმ სახელებითა და გვარებით, რომლითაც სია მთავრობამ შემოგვთავაზა, პრევენციულობის არსი დაიკარგა. ხელისუფლების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე შეყვანილი არ არის - კერძოდ, „ფე-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გრუს“ და ზოგადად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მე არ ვსაუბრობ ამ სიაში რუსი პოლიტიკოსების შეყვანაზე. ეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ჩარჩოებს სცილდება. ვსაუბრობ სიაში რუსეთის იმ მოქალაქეების შეყვანაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ და ხშირ შემთხვევაში, ან თვითონ არიან დანაშაულის ჩამდენი ან ხელს აფარებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს. სწორედ ამ ადამიანების შეყვანა იქნებოდა ეფექტური “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.